ინგლისურის ენის შესწავლა ბევრი ადამიანის პრიორიტეტია, მაგრამ ხშირად დროის, ენერგიისა და ფინანსების ნაკლებობა ხელს უშლის მათ მიზნის მიღწევაში. საბედნიეროდ, ტექნოლოგიის განვითარებამ სწავლის პროცესი გაამარტივა და უფრო ხელმისაწვდომი გახადა. ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ ენის შემსწავლელი აპლიკაცია. დღეს ბექას სკოლასთან ერთად განვიხილავთ 7 საუკეთესო აპლიკაციას, რომლებიც ყველას შეუძლია გამოიყენოს ინგლისური ენის შესასწავლად.
ყოველი აპლიკაცია გამოირჩევა თავისი უნიკალური მიდგომით. ზოგი მათგანი მთლიანად ინტერაქციულია, ზოგი კი მხოლოდ გამოთქმაზეა ორიენტირებული. ნაწილი აპებისა ფასიანია, თუმცა ზოგიერთი მათგანი უფასო ვერსიასაც გვთავაზობს. განვიხილავთ Duolingo-ს, ELSA Speak-ს, Promova-ს, Babbel-ს, Rosetta Stone-ს, Memrise-სა და FluentU-ს.
შენიშვნა: სამწუხაროდ, ქართული ენა არცერთ აპლიკაციაში არაა ხელმისაწვდომი (ჯერჯერობით), ასე რომ, ინგლისურის სწავლა ისევ ინგლისურად, ან სხვა ენის დახმარებით უნდა დავიწყოთ.
Duolingo
დუოლინგო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებადი ენის შემსწავლელი აპლიკაციაა. აპი უფასოა და მისი მეშვეობით შეგიძლია ისწავლო სხვადასხვა უცხო ენა, მათ შორის ინგლისური, ან გაიმყარო უკვე არსებული ცოდნა. თუმცა, თუ გსურს დამატებითი პრივილეგიებით სარგებლობა, როგორიცაა შეუზღუდავი რაოდენობის “გულები” (ეს იგივეა, რაც სიცოცხლე ვიდეო თამაშებში), ამ შემთხვევაში დაგჭირდება გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სუპერ დუოლინგოს პაკეტზე გადახვიდე.
დუოლინგოს უნიკალურობა სწავლის პროცესისა და თამაშის იდეის შერწყმაში მდგომარეობს – მომხმარებელს კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარების განვითარება სახალისო მეთოდით შეუძლია.
აპლიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მისი უნიკალური ბრენდინგია. დუოლინგოს ჰყავს საკუთარი მასკოტი – ბუ დუო, რომელიც თავისი პასიურ-აგრესიული შეტყობინებებით ცდილობს მომხმარებელი მუდმივად ჩართული იყოს სწავლის პროცესში და არ დაკარგოს მოტივაცია.
რატომ შეგიყვარდება დუოლინგო
- მეგობრული დიზაინი: აპლიკაცია იმდენად მარტივია გამოსაყენებლად, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მასთან დამეგობრება.
- სწავლა, თან თამაში: დონეების გადალახვა და ჯილდოების მიღება სწავლის პროცესს სახალისოსა და საინტერესოს ხდის.
- უფასო: უფასო ვერსია მრავალფეროვან შესაძლებლობებს გთავაზობს და აუცილებელი არაა, ფული გადაიხადო დამატებითი ფუნქციებისთვის.
- ყველა საჭირო უნარის განვითარება: დუოლინგო ერთდროულად ავარჯიშებს კითხვას, წერას, საუბარსა და მოსმენას.
- ექსცენტრიკული მასკოტი: დუო თავისი შარმით და აქტიურობით ყოველთვის შეგახსენებს, რომ ენის შესწავლა სახალისო და სასიამოვნო პროცესია.
რა შეიძლება არ მოგეწონოს
- ზედმეტად მარტივი მასალა: თუ ენის ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა გსურს, დუოლინგო შეიძლება “სიმარტივეში” დაადანაშაულო.
- მომაბეზრებელი რეკლამები: თუ უფასო ვერსიით სარგებლობ, მოემზადე აპლიკაციის სპონსორების ხშირი ვიზიტებისთვის.
- არასაკმარისი პრაქტიკა: დუოლინგოს სავარჯიშოები შეიძლება საკმარისი არ იყოს, რომ რეალურ ცხოვრებაში საუბარი თავდაჯერებულად წარმართო.
- დეჟავუს განცდა: გარკვეული დროის შემდეგ, დიდია შანსი მოგეჩვენოს, რომ ერთსა და იმავე დავალებას ასრულებ.
ვერდიქტი
თუ ინგლისური ენის შესწავლის სახალისო და ადვილ გზას ეძებ, დუოლინგო სწორედ შენთვისაა. აპლიკაციამ შეიძლება ვერ მოგცეს ღრმა ცოდნა, მაგრამ იდეალური ვარიანტია, თუ ახლა იწყებ უცხო ენის დაუფლებას. ამ აპლიკაციასთან ერთად ენის შესწავლა ისეთივე სახალისოა, როგორც ვიდეო თამაშის თამაში, ოღონდ გაცილებით უფრო სასარგებლო.
FluentU
FluentU ენის შესწავლის აპლიკაციაა, რომელიც რეალური სამყაროს ვიდეოებს იყენებს სრულიად ახლებური და ჩამთრევი სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად. ეს ვიდეოები მოიცავს მუსიკალურ კლიპებს, ფილმების ტრეილერებს, ახალ ამბებსა და შთამაგონებელ საუბრებს, რომლებსაც FluentU გარდაქმნის პერსონალიზებულ ენის გაკვეთილებად. სწორედ ეს უნიკალური მიდგომა ხდის FluentU-ს გამორჩეულ პლატფორმად ენის შესწავლის სფეროში.
FluentU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ავთენტური კონტენტია. ვიდეოები გეხმარება უკეთ გაიაზრო, როგორ ხდება ენის ბუნებრივად გამოყენება, მათ შორის ჟარგონები, იდიომები და დამატებით, კულტურულ ნიუანსებსაც უკეთ გაეცნობი. ეს ავთენტურობა სწავლის პროცესს უფრო საინტერესოსა და პრაქტიკულს ხდის.
FluentU-ს კიდევ ერთი გამორჩეული მახასიათებელია ინტერაქციულობა. ყოველ ვიდეოს თან ახლავს სუბტიტრები, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მყისიერად მიიღოს ინფორმაცია ნებისმიერი უცნობი სიტყვის შესახებ – მათ შორის განმარტება, მაგალითები და გამოთქმა. ეს ფუნქცია დაგეხმარება უკეთ გაიგო სიტყვებისა და ფრაზების მნიშვნელობა და გამოყენება რეალურ კონტექსტში.
FluentU-ს ძლიერი მხარეები
- ავთენტური კონტენტი რეალური ცხოვრებიდან
- ინტერაქციული სუბტიტრები და ქვიზები
- პერსონალიზებული სწავლება თითოეული მომხმარებლისთვის
- მრავალფეროვანი სწავლების მეთოდების გამოყენება
- ენის შესწავლის ყველა ასპექტი (მოსმენა, კითხვა, ლაპარაკი, წერა)
FluentU-ს ნაკლოვანებები
- ფასიანი გამოწერის აუცილებლობა ყველა ფუნქციის გამოსაყენებლად
- გრამატიკის სწავლებაზე ნაკლები ფოკუსირება
- სტაბილური ინტერნეტ კავშირის საჭიროება აპლიკაციის გამოსაყენებლად
- ავთენტური ვიდეო მასალის სირთულე ენის შესწავლის საწყის ეტაპზე მყოფთათვის.
ვერდიქტი
მოკლედ რომ შევაფასოთ, FluentU ნამდვილად უნიკალური ენის შემსწავლელი აპლიკაცია გახლავთ. FluentU-ს დახმარებით მუსიკალური კლიპები და სხვადასხვა ვიდეოები ენის შემსწავლელი კურსის მასალად იქცევა და დაგეხმარება გაიმყარო ენის ცოდნა.
ELSA Speak
ELSA Speak ინოვაციური, ხელოვნური ინტელექტით მართული აპლიკაციაა, რომელიც შექმნილია მეცნიერებისა და ლინგვისტების მიერ. მისი მთავარი მიზანია დაგეხმაროს ამერიკული ინგლისურის გამოთქმის დახვეწაში ინტერაქციული სავარჯიშოებისა და რეალურ დროში უკუკავშირის მეშვეობით.
განსხვავებით სხვა ენის შემსწავლელი აპლიკაციებისგან, ELSA Speak მთლიანად ფოკუსირებულია მხოლოდ გამოთქმის გაუმჯობესებაზე. აპი იყენებს ხმის ამოცნობის ტექნოლოგიას, რათა გაანალიზოს გამოთქმა და მოგაწოდოს პერსონალიზებული რჩევები.
ELSA Speak აპლიკაციას აქვს როგორც ძლიერი, ისე სუსტი მხარეები. მოდი, უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი.
დადებითი მხარეები
- გამოთქმაზე ფოკუსირება
- პერსონალიზებული უკუკავშირი
- ხელოვნური ინტელექტის გამოყენება
- მრავალფეროვანი მეთოდები – აპლიკაცია გთავაზობს მრავალფეროვან სავარჯიშოებსა და რეალური ცხოვრების სცენარებს, რაც გამოთქმის პრაქტიკას უფრო საინტერესოს ხდის.
უარყოფითი მხარეები
- გამოწერის აუცილებლობა – ELSA Speak-ის ყველა ფუნქციის სრულად გამოსაყენებლად საჭიროა ფასიანი გამოწერა. ყველაზე ხელმისაწვდომი ELSA Pro გახლავთ, რომელიც 3 თვე გრძელდება და 19.99$ ღირს.
- ტექნიკური ხარვეზი – ზოგიერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ დროდადრო პრობლემები ექმნებათ აპლიკაციის ხმის ამოცნობის ფუნქციასთან დაკავშირებით, რაც გარკვეულწილად ამცირებს ELSA Speak-ის ეფექტურობას.
- აპი მხოლოდ გამოთქმაზეა ორიენტირებული და ენის სხვა კომპონენტებს არ ავითარებს.
ვერდიქტი
საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ Elsa Speak იდეალურია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც სურს ინგლისური გამოთქმის დახვეწა. აპლიკაციის მახვილგონივრული და ზოგჯერ პირდაპირ გულწრფელი უკუკავშირი (დიახ, გეტყვის, თუ რობოტივით ჟღერ) სწავლას ინფორმატიულს და გასართობს ხდის. თუმცა, მზად იყავი, ჩადოთ ინვესტიცია აპლიკაციაში, თუ გსურს მაქსიმალური სარგებელი მიიღო მისგან.
Promova
ინგლისურის სასწავლი აპლიკაცია Promova ინოვაციური აპლიკაციაა, რომელიც ინგლისურის შესწავლას სრულიად ახალ დონეზე აიყვანს. წარმოიდგინე, შენი ძალისხმევა და მიზნები ერწყმის აპლიკაციის ჭკვიან ალგორითმს და შედეგად იღებ 100% პერსონალიზებულ სასწავლო გეგმას, რომელიც ზუსტად შენზეა მორგებული.
რატომ Promova
- ექსპრეს გაკვეთილები: Promova-ს მინი გაკვეთილები იდეალურია, რომ დატვირთულ გრაფიკშიც კი გამონახო დრო მათ შესასრულებლად.
- ლექსიკაზე ფოკუსირება: აპლიკაცია განსაკუთრებით ეფექტურია ლექსიკური მარაგის სწრაფად გასამდიდრებლად.
- თანამედროვე ინტერფეისი: Promova გამოირჩევა მიმზიდველი, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისითა და თანამედროვე გრაფიკით, რაც სწავლის პროცესს ვიზუალურად სასიამოვნოს ხდის.
- 100% მორგებული სასწავლო გეგმა: Promova-ს ჭკვიანი ალგორითმი შექმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას შენი მიზნების, ამჟამინდელი დონისა და დროის გათვალისწინებით, რაც დაგეხმარება სასურველი შედეგის მიღწევაში.
- არ გაქვს ინტერნეტი? არავითარი პრობლემა: Promova-ს ოფლაინ რეჟიმის წყალობით, ინტერნეტის არარსებობა ვერ შეგიშლის ხელს, განაგრძო ინგლისურის შესწავლა ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.
რა შეიძლება არ მოგეწონოს
- გრამატიკა: თუ ძირითადად გრამატიკის სიღრმისეულ შესწავლაზე ხარ ფოკუსირებული, მაშინ ეს აპლიკაცია შეიძლება არ აღმოჩნდეს ის, რასაც ეძებ.
- Promova-ში ვერ იპოვი მეტყველების პრაქტიკულს სავარჯიშოებს. თუ შენი მიზანი ინგლისურის თავისუფლად საუბარია, მოგიწევს სხვა რესურსების მოძებნა.
- აუდიო კონტენტის არარსებობა.
- თუ უფასო ვერსიას იყენებ, ძალიან ბევრ რეკლამასთან მოგიწევს გამკლავება.
- პრემიუმ ვერსიის გამოწერა საკმაოდ ძვირია სხვა მსგავს აპლიკაციებთან შედარებით. Promova-ს 1 თვიანი გამოწერა 14 ევრო დაგიჯდება. (P.S. აპლიკაცია უკრაინელებისთვის უფასოა)
ვერდიქტი
თუ შენი მიზანია სწრაფად გაამდიდრო ლექსიკა ვიზუალურად მიმზიდველ გარემოში, Promova შესანიშნავი არჩევანი იქნება. თუმცა, გრამატიკისა და ზეპირი პრაქტიკის სიმწირის გამო ის შეიძლება არ იყოს იდეალური არჩევანი ენის სრულყოფილად დაუფლების მსურველთათვის.
Babbel
Babbel ინგლისურის შესწავლას 15-წუთიანი ინტერაქციული გაკვეთილების საშუალებით გთავაზობს. თითოეული გაკვეთილი ფოკუსირებულია თემებზე, რომლებიც შენთვისაა საინტერესოა – ბიზნესიდან დაწყებული, მოგზაურობით დამთავრებული. Babbel-ის ეს უნიკალური მიდგომა ქმნის სასწავლო გამოცდილებას, რომელიც მაქსიმალურად რელევანტურია მოსწავლისთვის.
Babbel-ის გაკვეთილები მოკლე და ლაკონიურია, თუმცა ამავდროულად ძალიან ინფორმაციული და პრაქტიკული. თითოეული გაკვეთილი მოიცავს ლექსიკის წერილობით და აუდიო ვერსიებს, რომლებიც შემდგომ განმტკიცდება სავარჯიშოების შესრულებით.
Babbel-ის ძლიერი მხარეები
- სტრუქტურირებული სასწავლო პროგრამა: Babbel გთავაზობს კარგად სტრუქტურირებულ და პროგრესულ სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს გრამატიკას, ლექსიკასა და პრაქტიკული საუბრის უნარებს.
- ინტერაქციული გაკვეთილები: აპლიკაციაში დაგხვდება ინტერაქციული გაკვეთილები დიალოგებით, ვიქტორინებითა და მეტყველების ამოცნობის სავარჯიშოებით, რომლებიც საშუალებას გაძლევს, მარტივად დახვეწო საუბრისა და მოსმენის უნარები.
- მოსახერხებელი ინტერფეისი: ინტერფეისი ინტუიციური და მომხმარებლისთვის მოსახერხებელია, რაც გაკვეთილებში ნავიგაციასა და პროგრესის აღრიცხვას ძალიან გაგიმარტივებს.
- კულტურული ინსაითები: Babbel გაკვეთილებში ინტეგრირებულია კულტურული ჩანართები და კონტექსტი, რაც დაგეხმარება გაიგო სასურველი ენის კულტურული ნიუანსები.
სუსტი მხარეები
- შეზღუდული უფასო კონტენტი: Babbel ძალიან შეზღუდულ უფასო კონტენტს სთავაზობს მომხმარებელს. რაც შეეხება ფასიან ვერსიას, 6 თვიანი მემბერშიფისთვის თვეში 8.45$-ის გადახდა მოგიწევს.
- გამეორება: გაკვეთილები დროთა განმავლობაში შეიძლება განმეორებითი მოგეჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ გამეორება ხელს უწყობს დამახსოვრებას, ზოგიერთი მომხმარებლისთვის ეს პრაქტიკა მოსაბეზრებელია.
- ნაკლები მასალა მაღალი დონის ინგლისურისთვის: Babbel იდეალურია დამწყებთათვის და თუ ინგლისური ენის შესწავლა ნულიდან გსურს, მაგრამ, ინგლისურის ენის ცოდნის უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად Babbel დიდად ვერ დაგეხმარება.
ვერდიქტი
საერთო ჯამში, Babbel კარგი არჩევანია განსაკუთრებით დამწყებთათვის. ინტერაქციული გაკვეთილები და კულტურული ინსაიტები მას ღირებულ ინსტრუმენტად აქცევს, მიუხედავად ღირებულებისა და შეზღუდული უფასო კონტენტისა.
Rosetta Stone
Rosetta Stone ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ენის შემსწავლელი პროგრამაა, რომელმაც შეცვალა ადამიანების მიდგომა ენის სწავლისადმი. ის პირველად გამოჩნდა ჯერ კიდევ 1992 წელს და მას შემდეგ მილიონობით ადამიანს დაეხმარა მსოფლიოს სხვადასხვა ენის შესწავლაში.
რატომ უნდა ავირჩიოთ Rosetta Stone
- Immersive method: Rosetta Stone-ის გამორჩეულობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ინგლისურ ენას მომხმარებელი სწავლობს ინგლისურად და არა მშობლიურ ენაზე. ხსენებული მეთოდი მოსწავლეს უბიძგებს იფიქროს და იაზროვნოს სამიზნე ენაზე თარგმანის გარეშე.
- პირადი “მეტყველების მწვრთნელი”: ეს არის ერთგვარი ვირტუალური მასწავლებელი, რომელიც მოგისმენს და შეგისწორებს გამოთქმას. Rosetta Stone-ის TruAccent ტექნოლოგია სწორედ ამას აკეთებს, უზრუნველყოფს, რომ ისე საუბრობდე, როგორც native speaker.
- სწავლა ყველგან და ყოველთვის: ოფლაინ რეჟიმის წყალობით, შეგიძლია ჩამოტვირთო გაკვეთილები და ისწავლო ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას – ინტერნეტის გარეშე.
რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ Rosetta Stone-ს აირჩევთ
- მაღალი ფასი. Rosetta Stone არაა იაფი სიამოვნება. თუ შენი ბიუჯეტი შეზღუდულია, შეიძლება ეს არ იყოს იდეალური არჩევანი. 3 თვიანი მემბერშიფი მთლიანობაში 47.87$ ღირს.
- ზოგიერთ მომხმარებელს Rosetta Stone-ს “განმეორებითი” სავარჯიშოები ცოტათი მოსაბეზრებლად მიაჩნია. ვისაც მრავალფეროვნება უყვარს, შეიძლება ეს პროგრამა ცოტა ერთფეროვანი მოეჩვენოს.
- მიუხედავად იმისა, რომ Rosetta Stone შესანიშნავია ბუნებრივი მეტყველების განვითარებისთვის, ის არ გთავაზობს გრამატიკის დეტალურად ახსნას.
ვერდიქტი
მიუხედავად მცირე ნაკლოვანებებისა, Rosetta Stone მაინც რჩება ენის შესწავლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმად. მისი ინოვაციური მიდგომა, ტექნოლოგიური დახვეწილობა და ენობრივი მრავალფეროვნება მას გამორჩეულს ხდის სხვებისგან.
Memrise
Memrise პოპულარული ენის შემსწავლელი აპლიკაციაა, რომელიც იყენებს მნემონიკური ტექნიკებისა და პერიოდული გამეორების ალგორითმის კომბინაციას, რათა დაეხმაროს მომხმარებლებს ახალი ლექსიკისა და ფრაზების სწავლასა და დამახსოვრებაში.
დადებითი მხარეები
- სწავლების საინტერესო და სახალისო მიდგომა. Memrise გამოირჩევა თამაშის ელემენტებისა და მნემონიკის გამოყენებით. აპლიკაცია მოიცავს ისეთ სახალისო ელემენტებს, როგორიცაა ქულები, ლიდერბორდები და ვიდეოები, რაც სწავლის პროცესს საინტერესოსა და ინტერაქციულს ხდის.
- პერიოდული გამეორების ალგორითმი (spaced repetition algorithm): Memrise იყენებს ჭკვიან ალგორითმს, რომელიც უზრუნველყოს, რომ მომხმარებლებმა გაიმეორონ ლექსიკა საჭირო ინტერვალებით.
- რეალური სიტუაციები: აპლიკაცია მოიცავს ვიდეო კლიპებს, სადაც native speaker-ები საუბრობენ ყოველდღიურ სიტუაციებში, რაც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, მოისმინონ ბუნებრივი გამოთქმა და ინტონაცია.
- ოფლაინ რეჟიმი: ამ რეჟიმის წყალობით შეგიძლია ჩამოტვირთო გაკვეთილები და ნებისმიერ დროს დაიწყო სწავლა.
უარყოფითი მხარეები
- გრამატიკაზე ნაკლები ფოკუსი: Memrise დიდ ყურადღებას აქცევს ლექსიკის შევსებას, თუმცა გრამატიკის შესწავლაზე ნაკლებადაა ორიენტირებული.
- განმეორებადი შინაარსი: დროთა განმავლობაში შეიძლება მოგეჩვენოს რომ მასალა მეორდება.
- მომხმარებლების მიერ შექმნილი კურსების ხარისხი: მიუხედავად იმისა, რომ კურსების მრავალფეროვნება აპლიკაციის ძლიერი მხარეა, მომხმარებლების მიერ შექმნილი კურსების ხარისხი ზოგჯერ საგრძნობლად განსხვავდება. ზოგიერთი კურსი შეიძლება არ იყოს ისეთი კარგად სტრუქტურირებული ან ზუსტი, როგორც ენის ექსპერტების მიერ შექმნილი.
- ღირებულება: მართალია, Memrise გთავაზობს უფასო ვერსიას, თუმცა ყველა ფუნქციასა და კონტენტზე წვდომა გამოწერას მოითხოვს.
ვერდიქტი
მთლიანობაში, Memrise შესანიშნავი ინსტრუმენტია ლექსიკის გასამდიდრებლად სახალისო მიდგომის საშუალებით. რეალური ცხოვრების ვიდეოებისა და ინტერვალებს შორის განმეორების გამოყენება მას ფასეულ რესურსად აქცევს შემსწავლელთათვის, მიუხედავად მისი შეზღუდვებისა გრამატიკული სწავლების და ზოგჯერ განმეორებადობის კუთხით.
ბონუს აპლიკაცია – Lingwing
და ბოლოს, ბონუსად წარმოგიდგენთ უცხო ენების შემსწავლელ ქართულ ონლაინ პლატფორმას – Lingwing. პლატფორმამ მოღვაწეობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღესდღეობით დაახლოებით 300 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. პლატფორმაზე 7 ენის სწავლა შეგიძლია და მათ შორისაა ქართული და ინგლისური.
Lingwing-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ უცხო ენის ნულიდან სწავლა შეგიძლია ქართულად დაიწყო. პლატფორმა საკმაოდ მოსახერხებელია და მარტივია ნავიგაცია.
Lingwing-ის დადებითი მხარეები
- უცხო ენის სწავლა ქართულად შეგიძლია.
- ქართულის სწავლის მსურველს შეუძლია ინგლისურად ან სხვა ენაზე ისწავლოს ქართული.
- Lingwing-ს საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
- სასწავლო პროგრამა მოიცავს წერის, სამეტყველო, ლექსიკურ და სმენით კომპონენტებს.
- პრემიუმ პაკეტის მომხმარებელს კურსის დასრულების შემდგომ ონლაინ სერტიფიკატი გადაეცემა.
Lingwing-ის ნაკლოვანებები
- პლატფორმას მხოლოდ დამწყები დონეები აქვს.
- სრული ფუნქციებით სარგებლობისთვის ფასიან ვერსიაზე გადასვლა მოგიწევს.
ვერდიქტი
რომ შევაჯამოთ, ეს პლატფორმა იდეალურია ქართველი მომხმარებლისათვის, რომელსაც სურს, რომ უცხო ენის სწავლა მშობლიურ ენაზე დაიწყოს. როგორც აღვნიშნეთ, პლატფორმაზე მხოლოდ დამწყები დონეები დაგხვდება, მაგრამ ამ დონეების გადალახვის შემდეგ შეგიძლია სხვა, რომელიმე ჩამოთვლილ აპლიკაციებზე გადახვიდე და კიდევ უფრო გაიღრმაო ინგლისურის ცოდნა.